საზოგადოება
კახი კალაძე საკრებულოსგან თბილისის მერიის ზონალური საბჭოს გაუქმებას მოითხოვს და მერიის 19 კომისიას აუქმებს

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ინიციატივა თბილისის ახალმა მერმა მთავრობის სხდომაზე დააყენა. ზონალური საბჭოს გასაუქმებლად საჭიროა თბილისის საკრებულოს თანხმობა, ამიტომ მან საკრებულოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართა. საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება დავით ნარმანიას მერობის დროს შექმნილი 19 კომისიის გაუქმებას, რომლებიც კახი კალაძემ გუშინ გააუქმა.
„ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ. მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ,“ - განაცხადა კახი კალაძემ.