აქტუალური
ბინა, სადაც ტერორიზმთან კავშირში სავარაუდო ბრალდებულები არიან გამაგრებული, დუისის მცხოვრებს თინა გაურგაშვილს ეკუთვნის

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. თინა გაურგაშვილი უკვე წლებია,  ავსტრიაში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახის წევრები პანკისის ხეობაში იმყოფებიან.
„კურიერთან“ საუბრისას თინა გაურგაშვილის და სარა გარგაშვილი ამბობს, რომ მისი დის შვილი ასლაბეგ ჯაბრაილოვი პოლიციამ დაკითხვის შემდეგ თბილისში გადაიყვანა.
სარა გაურგაშვილის განცხადებით, მისთვის მომხდარის დეტალები უცნობია, ასევე უცნობია, თუ ვინ ცხოვრობდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში. მისი თქმით, ბინა გაქირავებული არ ყოფილა. როგორც სარა გაურგაშვილმა აღნიშნა, მდგმურებმა ბინა ბოლოს მაისში დაცალეს და მას შემდეგ იქ არავინ ცხოვრობდა.
"ამ ბინასთან დაკაშირებით მე ვიცი, რომ ცარიელი იყო ბინა. არავინ არ ცხოვრობდა, ეგ ვიცი. წლებია, რაც ეს ბინა აქვს. გაქირავებული იყო, თათიაშვილი მერაბი ცხოვრობდა, მაისში გავიდა მერე იქიდან და იმის მერე ცარიელია ბინა. არავინ არ ცხოვრობდა", - განაცხადა სარა გაურგაშვილმა.
სარა გაურგაშვილი ადასტურებს, რომ მისი დის ბინა მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული. ხეობაში გამორიცხავენ, რომ სავარაუდო დამნაშავეების შესახებ სახლის მეპატრონეს რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს. 
გაურგაშვილი წარმოშობით ახმეტის რაიონიდან, სოფელ დუისიდანაა და როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, სახლის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში აქირავებს ბინას სხვადასხვა პირებზე.
"კურიერის" ინფორმაციით, უკვე დაკითხულია მისი შვილი, რომელმაც არ დაადასტურა ნაცნობობა სახლის მობინადრეებთან.