საზოგადოება
ლგბტ-რესპუბლიკელმა ნინო ბოლქვაძემ სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაცია იუსტიციის სახლთან გააპროტესტა

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანს სტერილიზაციას აიძულებს!“ – ამ პლაკატით იუსტიციის სახლის წინ რესპუბლიკური პარტიის თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ლგბტ-ს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა ნინო ბოლქვაძემ ერთკაციანი აქცია გაიმართა.
ბოლქვაძე აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო აქტების შესახებ კანონი ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ საბუთებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში აძლევს, თუ „სქესი არის შეცვლილი“. თუმცა, მისი თქმით, ტერმინს „სქესის შეცვლა“ ქართული და ევროპული სასამართლო განსხვავებულად განმარტავს. ბოლქვაძის განმარტებით, ქართული სასამართლო პრაქტიკა მხოლოდ სამედიცინო მიდგომას, კერძოდ, სქესის ოპერაციის გზით შეცვლას ცნობს და ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დანერგილ სტანდარტს ეწინააღმდეგება.
ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე საქართველოს სააპელაციო სასამართლომ უკვე სამ მოქალაქეს უთხრა უარი. ბოლქვაძის თქმით, ყველა ეს საქმე აუცილებლად მოხვდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ქართულ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.