აქტუალური
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ არიან

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. „უკრაინა და საქართველო ნატოს წევრობისთვის ჯერჯერობით მზად არ არიან“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კანადის გალიფაქსში მომდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე.
„იმისათვის, რომ ნატოს წევრი გახდე, აუცილებელია ორგანიზაციის სტანდარტების დაცვა. უკრაინა და საქართველო ჯერ სათანადოდ რეფორმირებული არ არიან, მათ სჭირდებათ თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზება, კორუფციის დაძლევა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება. ალიანსი მათ ამ პროცესში ეხმარება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა, მაგრამ, ამასთან, დასძინა:
„ნატოს კარი ღიაა და ამის საუკეთესო დადასტურებაა, რომ „ცივი ომის“ დამთავრების მომენტიდან ალიანსის წევრების რიცხვი თითქმის გაორმაგდა. წელს ჩერნოგორია ნატოს 29-ე წევრი გახდა. და დადგება დღე, როდესაც სწორედ ეს 29 ქვეყანა ერთად გადაწყვეტს - მიიღონ ალიანსში ახალი ქვეყანა თუ არ მიიღონ. ამ გადაწყვეტილებას ხმა 29-ვე ქვეყანამ უნდა მისცეს და ამ საკითხში ჩარევის უფლება მათ გარდა არავის აქვს“, - ხაზი გაუსვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.