საზოგადოება
ბატონო კახი, ეს თქვენ უნდა იცოდეთ! - საქინფორმი თბილისის ახლად არჩეულ მერს ახალი წინადადებით მიმართავს

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი.
ბატონო კახი!
პირდაპირ საქმეზე გადავალთ.
დღეს თბილისის ცენტრში ბევრი ქუჩა, რომელიც დღეში ათასობით მანქანას ატარებდა, გადათხრილი და გადაკეტილია. უგულავას მერობის დროს ამ  ქუჩებზე ასფალტის საფარი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ გადაადგილება თავისუფლად და უსაფრთხოდ შეიძლებოდა.
მერად ნარმანიას არჩევის მერე ეს ქუჩები გადათხარეს ბორდიურების ქვების ახლებით შეცვლისა და ახალი ასფალტის დაგების კეთილი მიზნით, რაც ბევრ ადგილას დღემდე ვერ მოასწრეს და ეს თქვენი საზრუნავ-გასაკეთებელი გახადეს.
იქაც, სადაც თვეობით და წლობით მცხოვრებთა წამების მერე, რომლებმაც მანქანით სახლში მიუსვლელობა, მტვერი და ხმაური ყველანაირი ჩივილის გარეშე უხმოდ გადაიტანეს, დღეს ისევ სავალალო დღეშია, იმიტომ რომ მას მერე ბევრჯერ გადაითხარა!
ბატონო კახი!
საქმე ისაა, რომ თბილისში მოქმედებს მავნე წესი, რაც ჩვენ, გადასახადების გადამხდელებს, ძვირი გვიჯდება - ასფალტს აგებს მერიის კეთილმოწყობის სამსახური, წყლის კომუნიკაციებზე პასუხს აგებს „თბილწყალკანალი“, გაზის - „ყაზტრანსგაზი“ და სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემებზე ღმერთმა იცის, ვინ!
ათი ძიძის ხელში ბავშვი, ხომ იცით, უპატრონოა - ამიტომაც დააგეს ასფალტი და ბორდიურები მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მოძველებული კომუნიკაციები იყო შესაცვლელი - რა თქმა უნდა, სადაც ამის საჭიროება არსებობდა! მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად წყლის და გაზის მილები ყოველდღე სკდება და ახალდაგებულ ასფალტს ისევ ანგრევენ! თანაც, ველურად - დიდციცხვიანი ტრაქტორით, როგორც „ყაზტრანსგაზი“. მერე მოდის „თბილწყალკანალი“ ამ ტრაქტორების მიერ მოგლეჯილი მილების შესაკეთებლად და ბოლოს - კეთილმოწყობის სამსახური, რომელიც ლამაზ „ლატკებს“ ადებს და ზემოთ ნახსენებ სამსახურებს წყევლის. გვაქვს მაგალითი, სადაც ეს ციკლი 1 დღეში 7 ჯერ განმეორდა!
ამ უპატრონობით სარგებლობს „სი-თი პარკი“, რომელიც ლამის ცხელ ასფალტზე თეთრი საღებავით გასაჩერებელ ადგილებს ხატავს და დანარჩენი ადგილებიდან მანქანები საჯარიმო მოედანზე მიჰყავს, თუნდაც ავტომობილი მისი მფლობელის ჭიშკართან იყოს გაჩერებული!