საზოგადოება
კახი კალაძე: ზაფხულის თვეებში კონდიციონერს, რომ არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა „მარშრუტკებში“, ეს ვეღარ და აღარ იქნება

      საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ახლად არჩეული მერი კახი კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების გაზრდას მიესალმება და დარწმუნებულია, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალი იქნება.
ამის შესახებ კახი კალაძემ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმის გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა. კალაძემ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციები დღესაც არსებობს, თუმცა მათი აღსრულება არ ხდება, რაც მისთვის მიუღებელია.
ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მგზავრობს დღეს ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით. ეს არის N1 ტრანსპორტი, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში, შესაბამისად, მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი და ის, რომ ზაფხულის თვეებში კონდიციონერს არ რთავდნენ და ხალხი იხრჩობოდა მარშრუტკებში, ეს ვეღარ იქნება და აღარ იქნება, ეს იქნება დასრულებული. კეთილი ინებოს კომპანიის ხელმძღვანელობამ და ის რეგულაციები, რაც არსებობს, აღსრულებაში მოიყვანოს“, - განაცხადა კალაძემ.