სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა

      საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატოს ოპერაცია ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმა ქართულ მხარეს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერვი ბლეჟონის თქმით, ალიანსს შავ ზღვაზე სამი წევრი და ერთი გამორჩეული პარტნიორი ჰყავს საქართველოს სახით. ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.
გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე ვიცე-ადმირალმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობა ნატოს საზღვაო ძალებსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის დინამიკურად ვითარდება და 2018 წლისთვის კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ვიცე-ადმირალმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს შსს-ს მეკავშირე ოფიცრის საქმიანობა ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში.
შეხვედრის დასასრულს ერვი ბლეჟონმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა ნატოს ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.