პოლიტიკა
რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს აფხაზეთში სიტუაციის ერთობლივად დარეგულირება შესთავაზა და მოსკოვში დაპატიჟა - საქინფორმი

      საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილის კურთხევით 2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. საპატრიარქოს რეზიდენციაში თბილისში მიტროპოლიტი ილარიონი მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი და ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძესრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის თანაშემწე არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.
ვოლოკალამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილისაგან მოკითხვა გადასცა და მოსკოვში მიიწვია რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე.  საუბრისას, ასევე, ორი მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთქმედების განვითარების თემებს შეეხნენ.

მიტროპოლიტი ილარიონი: „მინდა, უწმინდესი პატრიარქი კირილის მოკითხვა გადმოგცეთ. მან ასევე მთხოვა, გადმომეცა, რომ დიდი სიყვარულით გელოდებათ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს, რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ ზეიმზე გიხილავთ.
ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიების პირველი იერარქები მოვიწვიეთ და უმრავლესობისგან დადებითი პასუხები მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის ტაძარში საზეიმო ლიტურგია შედგება.
... აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს.
დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს.
უნდა ვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით. ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს.
თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში? ალბათ, 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს”.

ილია მეორე: „თქვენი მოწვევა მივიღე და თუ ჯანმრთელობა ნებას მომცემს, ზეიმს დავესწრები.
...ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს  ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია. აფხაზეთში კი არის პიროვნება, ისიც გვარადკაცია“. ის პარლამენტთან და მთავრობასთან რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა...
ზოგიერთები გამოთქვამდნენ აზრს, რომ აფხაზეთში სიტუაცია როგორმე უნდა დავარეგულიროთ. მე მიყვებოდნენ, რომ იმ ჯგუფს, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის განხეთქილება მოხდა. სწორედ ამიტომ ვითარების დარეგულირება უნდა ვიჩქაროთ.
თქვენ როგორ მიგაჩნიათ, სამუშაო ჯგუფში რამდენი კაცი უნდა შედიოდეს? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ, თითოეული მხრიდან სამ-სამი ადამიანი საკმარისია. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ“.

ვოლოკალამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქ ილიას შეხვედრის სახსოვრად გადასცა ძველებური გრავიურა ანტონ კათალიკოსის პორტრეტით, აგრეთვე რარიტეტული წიგნები - ეპისკოპოს კირიონის (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის) ივერიის კულტურული როლი რუსეთის ცხოვრებაში და ეპისკოპოს კალისტრატეს (რომელიც შემდგომში ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ავტორის ავტოგრაფით.
თავის მხრივ, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილიამ მიტროპოლიტ ილარიონს ქართველი ოქრომჭედლების ნახელავი კანდელი უსახსოვრა.
იმავე დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი რუსეთში დაბრუნდა.