პოლიტიკა
“პროპაგანდას არა ძალით, არამედ არგუმენტებით უნდა ვუპასუხოთ - პროპაგანდას ანტიპროპაგანდით არ ვპასუხობთ, რადგან ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება რთული იქნება” - ესტონეთის პრეზიდენტი

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოში ვიზიტის დროს რუსულ პროპაგანდაზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ესტონეთში დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდონ და ასევე მნიშვნელოვანია, მოსახლეობა მასმედიის საშუალებებს ენდობოდეს.
პროპაგანდას ანტიპროპაგანდით არ ვპასუხობთ, რადგან ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება რთული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ესტონეთში დაბალანსებული ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ამას აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლით ვაკეთებთ, რომელიც რუსულ და ესტონურ ენაზე მაუწყებლობს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი მასმედიის საშუალებას ენდობოდნენ. ნდობის მოპოვება პროპაგანდით ან ანტიპროპაგანდით არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ ინფორმაციით, რომელიც ფაქტებსა და ანალიზზე იქნება დაფუძნებული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსეთის მცდელობას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში დემოკრატიულ პროცესებს ხელი შეუშალოს, კალიულაიდის თქმით, ეს ახალი ტენდენციაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამის მკაფიო მაგალითები არსებობს.
"მნიშვნელოვანია, რომ მამაცნი ვიყოთ და ამ შემოტევას გავუძლოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ფრანგ ერი მანიპულაციებს წინ აღუდგა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ მიიღებს და არ დაუშვებს დემოკრატიული პროცესების რღვევას. ასეთი რისკები და საფრთხეები არსებობს. პროპაგანდას არა ძალით, არამედ არგუმენტებით უნდა ვუპასუხოთ”, - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.