სამართალი
სააკაშვილს უკრაინიდან ექსტრადირებისა და საქართველოში წაყენებული ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

      საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილ ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წაყენებული: სსკ 182-ე - სხვისი ქონების მითვისება, დაუფლება და გაფლანგვა; სსკ 333-ე და 332-ის მეორე ნაწილი - მაღალი თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება. აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტს 2014 წელს შეუფარდა.
ბრალის ფორმულირების მიხედვით, საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. წაყენებული ბრალი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თუ უკრაინა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს და ქართული სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს, მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წაყენებული 3 ბრალიდან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი ყველაზე მაღალ სასჯელს ითვალისწინებს, შესაბამისად, სამივე საქმეზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ის დანარჩენ სასჯელს შთანთქავს.