აქტუალური
აშშ-ში საქართველოს აკრიტიკებენ: ბიუროკრატია და კორუფცია - ამერიკელი კონგრესმენები იმავე ნაკლოვანებებზე მიუთითებენ, რაზეც თბილისის ახალი მერი კახი კალაძე - საქინფორმი

      საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში იმარჯვებს და თბილისის მერი ხდება.
კახი კალაძე მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელია, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ჯერ კიდევ აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში კახი კალაძე წარმატებული ბიზნესმენი - რამდენიმე საწარმოს მფლობელი გახდა, რომელთაგან ყველაზე მსხვილი - კომპანია Kala Capital საქართველოში, იტალიაში, უკრაინასა და ყაზახეთში აბანდებდა ინვესტიციებს.
2012 წლის 1 ოქტომბერს კახი კალაძე საქართველოს პარლამენტში აირჩიეს, რომელიც თითქმის მაშინვე დატოვა, რადგან 25 ოქტომბერს ვიცე-პრემიერად, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და ამ პოსტზე წარმატებით იმუშავა 2017 წლის შემოდგომამდე - როცა თბილისის მერად კენჭის ყრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადადგა.
იმის მიუხედავად, რომ კახი კალაძე დედაქალაქის მერის მოვალეობის შესრულებას ორი კვირის შემდეგ, ნოემბრის შუა რიცხვებში შეუდგება, იგი აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოს ატარებს - კადრებს არჩევს, განცხადებებს აკეთებს, კონსულტაციებს ატარებს სხვადასხვა სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან და ადგილობრივ თუ უცხოურ მსხვილ ორგანიზაციებთან. მაგრამ საქართველოში ყველაზე მეტად ის შეამჩნიეს, რომ თავის 7-პუნქტიან პროგრამასთან ერთად კახი კალაძემ პრიორიტეტად ბიუროკრატიისა და კორუფციის აღმოფხვრა გამოაცხადა. კახი კალაძეს „ხელს არ აძლევს თბილისის მერიაში არსებული მუშაობის ბიუროკრატიული სტილი“, ხოლო ვინც „მისი მერობის დროს კორუფციის ცდუნებას აჰყვება, მისი გუნდის წევრიც რომ იყოს, პირდაპირ და დაუყოვნებლივ ციხეში მოხვდება“.
2017 წლის 24 ოქტომბერს კი ამერიკელი კონგრესმენები ტედ პო და ჯინ გრინი იღებენ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ რეზოლუცია 576-ს, რომელშიც ბიუროკრატია და კორუფცია საქართველოსთვის საფრთხეებად არის აღიარებული, რომლებსაც „დემოკრატიული ტრაექტორიიდან მისი ჩამოცილება შეუძლიათ“.
რეზოლუციის დასაწყისში აღნიშნულია, რომ „ბოლო ორნახევარი ათეული წლის განმავლობაში საქართველო გარდაიქმნა დემოკრატიისა და თავისუფლების რეგიონულ მოდელად“, „ის აღმოჩნდა აშშ-ის მხარდამჭერი ერთგული მოკავშირე“, აშშ-სთან ერთდ განავითარა „საერთო ღირებულებებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა“ და რომ „არ არსებობს უკეთესი საშუალება ამ კავშირების განსამტკიცებლად, ვიდრე ორმხრივი ინვესტიციები და ვაჭრობაა“.
შემდგომ, ავითარებენ რა ბოლო პუნქტს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები საქართველოს კრიტიკაზე გადადიან: „თუმცა, ბოლო წლებში ამერიკული კომპანიები (რომელთაგან ორი, როგორც ირკვევა, Frontera Resources Corporation და Philip Morris International არიან - საქინფორმი) სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული საქმიანი გარემოს (როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, ბიზნესკლიმატის - საქინფორმი) მიმართ, მიუთითებენ ბიუროკრატიულ დომხალზე და ადასტურებენ, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ნაწილში კორუფცია არ შეწყვეტილა.
ჩემი, როგორც საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრის მოვალეობაა - არა მხოლოდ შევაქო თბილისის პროგრესი, არამედ მივუთითო, სად და როგორი სამუშაოა ჩასტარებელი იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს გადაცდენა დემოკრატიული ტრაექტორიიდან.
რეზოლუცია 576 კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მჭიდრო კავშირს საქართველოს ხალხთან და მთავრობასთან, ასევე, მოვუწოდებთ ქვეყანაში მომუშავე ამერიკული კომპანიებისთვის ერთ მოედანზე საერთო თამაშის წესებისაკენ. ეს, უდავოდ, სარგებლობას მოუტანს ორივე ქვეყანას და გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას მომავალი მრავალი წლის განმავლობაში“
, - ხაზს უსვამს კონგრემენი ტედ პო.
ხოლო წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯინ გრინი, კერძოდ, დასძენს, რომ „ამერიკული კომპანიების მიმართ ვალდებულებების დარღვევა ავნებდა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას... იმედი მაქვს, რომ საქართველო მიზანშეწონილად მიიჩნევს კანონის უზენაესობის დაცვას Frontera Resources-ს მიმართ და რომ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა მჭიდრო და ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო დარჩება“.
მთავრობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კატეგორიულად არ ეთანხმებიან კორუფციასა და ბიუროკრატიზმში ბრალდებას და მიაჩნიათ, რომ ამერიკელი კონგრესმენები „საქმეში ჩაუხედავები“ არიან.
„საქინფორმისთვის“ ცნობილია, რასთან არის დაკავშირებული ზემოთ ნახსენები ორი და კიდევ რამდენიმე ამერიკული კომპანიის უკმაყოფილება, მაგრამ ეს ცალკე პროფესიული საუბრის თემაა. მიუხედავად ამისა, თბილისის მერად დავით ნარმანიას მუშაობის დროს თბილისის მერიის კორუმპირებული ჩინოვნიკების მრავალრიცხოვანი დაპატიმრება, აგრეთვე საყოველთაოდ ცნობილი ბიუროკრატია ხელისუფლების ყველა შტოში - რაიონული გამგეობებიდან სამინისტროებამდე, ადასტურებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების შიშს, რომელიც დედაქალაქის ახალი მერის აზრს ემთხვევა, სერიოზული საფუძველი აქვს.