პოლიტიკა
სააკაშვილმა ჩამოიყვანა ქართველები, რომლებიც ახლა გადატრიალებას ამზადებენ! ქართველებმა საცხოვრებელი ნებართვა უკანონოდ მიიღეს! - უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო

      საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახური აპირებს, უკრაინიდან გააძევოს „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის 20 თანამებრძოლი, რომლებმაც უკრაინაში ცხოვრების უფლება იმ დროს მიიღეს, როცა სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო.  
„ის ეყრდნობა უკრაინული და ქართული წარმოშობის ექსტრემისტების ვიწრო წრეს.  ის ცდილობდა ქართველების ლეგალიზაციას უკრაინაში, როცა ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იყო. მე ხელთ მაქვს წარდგინებები, რომლებსაც ის აწერინებდა თავის ხელქვეითებს - კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების ოდესის საოლქო კომუნალურ ცენტრს, რომელიც მიმართავს ოლქის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის დაწესებულებებს ქართველებისათვის საცხოვრებელი ნებართვის გაცემის შესახებ კულტურული საქმიანობის საწარმოებლად“, - აღნიშნა ლუცენკომ.  
გენერალური პროკურორის თქმით, „კულტურული საქმიანობის ნაცვლად ქართველები გახდნენ მძღოლები, მცველები და სააკაშვილის თანაშემწეები. სხვები სპეციფიკურ თანამდებობებზე მოაწყვეს ოდესის საბაჟოში. ახლა ეს ადამიანები დადიან ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის მანქანებით და ოდესის საბაჟოს კლიენტების მიერ დაფინანსებული საქველმოქმედო ფონდის ფულით ნაყიდი მანქანებით“.  
როგორც ლუცენკომ აღნიშნა, საცხოვრებელი ნებართვის მისაღებად წარდგინებაზე ქართველებს ხელს უწერდა ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი, ოდესის საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელი იულია მარუშევსკაია.  
„ახლა ეს გასტროლიორები გადატრიალებას ამზადებენ - ეს არ გაუვათ... სააკაშვილმა გამოწვევა ესროლა სახელმწიფოს და სამართალდამცავები მას პასუხს გასცემენ! ამ 20 ადამიანს უკრაინაში დარჩენის საფუძველი აღარ აქვს და ისინი გაძევებული იქნებიან, რაც ხდება კიდეც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ძალებით“,
- დასძინა ლუცენკომ.