სამართალი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღესაც არ იცის - ცოცხალია თუ მკვდარი სოსო ოსორაული, თუმცა 5 თვის წინ ის მკვდრად გამოაცხადა!

      საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2017 წლის 24 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს სოსო ოსორაული ნამდვილად დაიღუპა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ კონგოში მყოფი სამხედროებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი ცოცხალია;
მას შემდეგ, რაც ოსორაულის ძმამ დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ „სახელმწიფომ არაეფექტიანად იმუშავა“;
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილად გამოცხადებული პილოტის ძმამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, სოსო ოსორაული ისევ ცოცხალია, ხელისუფლება კი მის გამოსახსნელად არაფერს აკეთებს;
მას შემდეგ, რაც კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა 15 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს,
საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველადი პოზიცია შეცვალა და დღეს აცხადებს, რომ სოსო ოსორაულის დაღუპვის სათანადო მტკიცებულებები არ აქვს, რადგანაც პოლიტიკური სიტუაციის გამო (კონგოში ომი მიმდინარეობს! - მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი) ძალიან რთულია, რომ მყარი მტკიცებულებები იყოს წარდგენილი“.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ახალი განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა ოსორაულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს“.