აქტუალური
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი - დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო მამია ალასანია ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ახლობლებს დევნილთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელებმა მიმართეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.
საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მამია ალასანიას დაკრძალვას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრო. მანამდე კი მამია ალასანიას და აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული სხვა 24 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.