აქტუალური
შსს-ს მეხანძრე-მაშველები გურიასა და იმერეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აგრძელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის სამაშველო ღონისძიებები 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა იმერეთშიც. ამ დროისათვის შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აღნიშნული რეგიონიდან 300-მდე შეტყობინებაა შესული. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, ასევე, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურაც ადიდდა და ქალაქ ქუთაისის დასავლეთ ნაწილი დატბორა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. შსს–ს სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.  
შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა, ასევე, ოპერატიული დახმარება გაუწიეს ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ 4 საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც დატბორილია შენობების პირველი სართულები და სარდაფები.