პოლიტიკა
„კონტრპროდუქტიულია, როდესაც პარლამენტთაშორისი სტრუქტურების ფარგლებში მთელი დელეგაციები იჩაგრებიან“ - განაცხადა პუტინმა პარლამენტთაშორისი კავშირის ასამბლეის გახსნაზე

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. 14-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით სანკტ-პეტერბურგში პარლამენტთაშორისი კავშირის 137-ე ასამბლეა ტარდება - ეს არის 128-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც 173 წევრ სახელმწიფოს ითვლის. სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია, საზღვარგარეთის პარლამენტების 96 სპიკერი და 70 ვიცე სპიკერი.
ასამბლეა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლით გაიხსნა, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, დიდი მოთხოვნაა საპარლამენტო დიპლომატიაზე, „რომელსაც ძალუძს, ქვეყნებს შორის ნდობა გაამყაროს და მწვავე პრობლემების კომპრომისული გადაწყვეტის ძიებაში დაეხმაროს“: „მსოფლიოში პარლამენტები, როგორც ხალხთა ნების გამომხატველები, ნიშანდობლივ, ზოგჯერ წამყვან როლს ასრულებენ განვითარების ეროვნული მოდელების შემუშავებაში და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის საერთო თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატური პასუხების ძიებაში. ამჟამად, სამწუხაროდ, შეინიშნება საერთაშორისო სამართლის სისტემის და თავად სახელმწიფოთაშორისი დიალოგის კულტურის ეროზია.
ბოლო ხანებში სულ უფრო აქტიური ხდება მცდელობები, შეიზღუდოს პირდაპირი კონტაქტები, კანონმდებელთა ურთიერთობა, მხედველობაში მაქვს დისკრიმინაციული შეზღუდვებისა და სანქციური სიების შემოღების პრაქტიკა, რომლებშიც ხშირად პარლამენტარებიც ფიგურირებენ. ამგვარ პრაქტიკას დაუშვებლად, მავნედ და, უბრალოდ, სულელურად მივიჩნევთ“, -
ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.
„მით უფრო კონტრპროდუქტიულია, როდესაც პარლამენტთაშორისი სტრუქტურების ფარგლებში მთელი დელეგაციები იჩაგრებიან, სამწუხაროდ, ასეც ხდება. ეს, ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება თითოეული სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, გამოთქვას და ცივილიზებულად დაიცვას საკუთარი თვალსაზრისი“, - აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა.