საზოგადოება
„სამწუხაროა, რომ ცალკეული ორგანიზაციებისთვის უცხოელი დონორებისგან დაფინანსების მიღების სურვილი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ტრადიციული ფასეულობები!“

      საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. „მცირე ხნის წინ გავრცელდა კონსტიტუციის 42- მუხლის“, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” და სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელთა მტკიცებითაც ბლოკ დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს სარეკლამო რგოლი უკანონო მიგრაციის შესახებ ქსენოფობიური ხასიათისაა. არასამთავრობოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ჩვენი ბლოკის ინიციატივამ საჯარო ადგილებში ჩადრების და ფარანჯების ტარების აკრძალვის შესახებ. გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააპროტესტა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას სკოლის დირექტორის გადაწყვეტილება, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებში არ დაუშვა ჰიჯაბით სკოლის მოსწავლე გოგონა.
მიგვაჩნია, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისაა. განსაკუთრებულ გაოცებას იწვევს ვითარება, როდესაც პირები, რომლებიც თავს საქართველოში ლიბერალური ფასეულობების და ღია საზოგადოების მედროშეებად მიიჩნევენ - იცავენ იმ ფასეულობებს, რომლებზეც არათუ ევროპულმა დემოკრატიებმა, არამედ ისლამური ქვეყნების ნაწილმაც კი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში თქვეს უარი (თურქეთი, ტაჯიკეთი და სხვა)“,- აცხადებენ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.