უცხოეთი
ილჰამ ალიევი: „ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი“

      საქართველო, 6 ოქტომბერი. საქინფორმი. აზერბაიჯანი ევროპისთვის ენერგორესურსების ერთადერთ ახალ წყაროდ რჩება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევმა ენერგეტიკულ პროექტებზე და ამ მიმართულებით ბაქოს შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს. სამი მათგანი ნავთობს ატარებს, ორი შავი ზღვისკენ, ხოლო ერთი ხმელთაშუა ზღვისკენ მიდის. გაზსადენები არის ოთხი. მათი საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდება შეიძლება ყველა მიმართულებით - საქართველო, თურქეთი, ირანი, რუსეთი“, - განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, წლის დასაწყისში ბაქოში გაიმართება ე.წ. სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც დაესწრება.
„სამხრეთის დერეფნის“ პროექტი 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

1tv.ge