საზოგადოება
საიამ სახალხო დამცველს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით მიმართა - ინფორმაციას საია ავრცელებს

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქმე ეხება ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის სკოლის ტერიტორიაზე მუსლიმური რელიგიური სიმბოლოს ჰიჯაბის ტარების აკრძალვას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სახალხო დამცველის აპარატში ამ სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი გაასაჩივრა, რომელიც მოსწავლისაგან ითხოვს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარების აკრძალვას. საიას მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა). საია თვლის, რომ თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით.