უცხოეთი
საგარეო უწყება - სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა

      საქართველო, 5 ოქტომბერი. საქინფორმი. სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, მისი საოკუპაციო რეჟიმებისა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობის ლეგიტიმაციას, და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონებას.
"ხსენებული ვიზიტი სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. · საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული გატარება წარმოადგენს. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით. · როგორც ხსენებული ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში ვიზიტისას შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

1tv.ge