პუბლიკაციები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საქართველოს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას ეხმაურება

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. განცხადებას ანზორ ჩუბინიძე "ნეტგაზეთთან" აკეთებს. სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ გერმანიაში ყოფნისას ანზორ ჩუბინიძემ ციანიდის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჩხრეკის ჩატარებამდე მიაწოდა. ჩუბინიძე 10 თებერვალს ოხანაშვილთან საუბარს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ მას ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ის ოხანაშვილს ესაუბრებოდა, დადასტურებული ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ ბერლინის კლინიკაში არ ჰქონია.
მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგისთან და ციანიდთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი აღმოჩნდებოდა და მე ეს ოხანაშვილს ვუთხარი, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ჩავედი გერმანიაში, მოვინახულე სოსო და ვუთხარი, რომ მამა გიორგისთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პერიოდისათვის მამა გიორგი უკვე დაკავებული იყო. მაგრამ იქ ჩხრეკისას რა ექნებოდა, მე ვერ ვიტყოდი. ის კადრები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ნახა, მე ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ეს ვუთხარი სოსოს. მე ვურჩიე, რომ გამოჰყოლოდა თვითმფრინავს, ჩამოსულიყო საქართველოში და მაქსიმალურად დახმარებოდა გამოძიებას სიმართლის დადგენაში. ეს საუბარი გვქონდა მე და სოსოს. მე ამას უბრალოდ ვერ ვეტყოდი, არ მქონდა ინფორმაცია. თუმცა ამ განზარახვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რა აღმოჩნდებოდა – არა. ალბათ, სოსოც ამას გულისხმობდა”, -აცხადებს ჩუბინიძე.
მისივე თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო დასტური მისი დაკავების შესახებ არ მიუღია, რადგან ეს მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავში იჯდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ იმ დღეს ანუ 10 თებერვალს მიიღო, როდესაც გერმანიაში მისი გამგზავრება გადაწყდა. მისი დავალება იყო, ჩასულიყო ბერლინში, იმ კლინკაში, რომელშიც პატრიარქი მკურნალობდა, ადგილზე გაერკვია ვითარება და შეექმნა უსაფრთხო გარემო.
კითხვაზე ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ილია მეორის თუ სხვა პირის, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილის ან ქორეპისკოპოს იაკობის, ჩუბინიძე ამბობს, რომ ეს საკითხი არ დაკონკრეტებულა.
ჩემი მთელი დავალება იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა, ვისთვისაც საჭირო იქნებოდა ეს, იქნებოდა ეს პატრიარქი, ქალბატონი შორენა, მეუფე იაკობი თუ სხვა ვინმე”, – ამბობს ჩუბინიძე.