პოლიტიკა
მმართველი გუნდი დათანხმდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პრეზიდენტის კიდევ ერთხელ არა 5, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევა - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რეფორმირებული კონსტიტუცია მთლიანად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.
"თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა, იყო მართლაც სანატრელი. ძალიან მნიშვნელოვანია ბარიერის 5%-დან 3%-ზე დაწევა 2020 წლისთვის და, ასევე, ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ კიდევ ერთი მოწვევით ბლოკების დაშვება; სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვნად გაზრდა, მათ შორის საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.