საზოგადოება
თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება! - თურქეთის კონსული

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. სარფის საბაჟოზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთან დაკავშირებულ ინციდენტს თურქეთის გენერალური საკონსულო გამოეხმაურა - იასინ თემიზქანი სარფში აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტებს შეხვდა. „თუ რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება. ქართულ და თურქულ მხარეს ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა. იასინ თემიზქანი ირწმუნება, რომ საბაჟოზე მომხდარი ფაქტის შესწავლა უკვე მიმდინარეობს და თურქი სამართალდამცველები ვიდეოჩანაწერებს ეცნობიან.
შემთხვევა სარფის საბაჟოზე გუშინ მოხდა. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟეებმა გადასვლის საშუალება არ მისცეს, წაართვეს პასპორტი და ტელეფონი, ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. გადამღები ჯგუფი სარფის საბაჟოზე არსებული რიგისა და უკმაყოფილო მგზავრების შესახებ მასალის მომზადებას ცდილობდა.