საზოგადოება
თბილისში მომავალი 4 წლის განმავლობაში ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო 10-პუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება!

      საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა  წარადგინა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაოების შედეგად იზრდება უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი, რომელიც ათპუნქტიანი პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.
„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.