პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  Ba2 სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor’s და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისგან კრედიტის მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების - შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების  სიძლიერეს -  ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.