საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი თემა თავისუფალი მედიის მნიშვნელობა იყო. მონაწილეებმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე და მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრეს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც ილაპარაკა.
„ყველა ჩვენგანი ამჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის ფუნქციონირებაში არავინ ერევა. იყო სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც პატივს ვცემთ. შემდეგ იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება, არ ვეთანხმებით, მაგრამ პატივს ვცემთ. ასე რომ, ტელევიზია ფუნქციონირებს. უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტელეარხს ემუშავა და არ გაყინულიყო მისი ანგარიშები. ამით ვაჩვენეთ, რომ თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველყოფა არის მთავრობის ნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.