აქტუალური
„Agile Spirit 2017“ სწავლების საველე და სამეთაურო-საშტაბო ფაზები ოფიციალურად 11 სექტემბერს, საჩვენებელი წვრთნით დასრულდა

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საველე წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროები თავდასხმით, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს აწარმოებდნენ. 1300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გადიოდა წვრთნას თავმოყრის რაიონის დაკავებაში, რეკოგნოსცირება/სათვალთვალო საგუშაგოების დაკავებაში, სადაზვერვო ოპერაციებში, ბრძანების შემუშავებაში, მაღალი ღირებულების მიზნის განსაზღვრაში, სადესანტო საპარაშუტო ოპერაციებში, სპეციალური ოპერაციების ძალების რეკოგნოსცირებაში, შეღწევა/ინფილტრაციაში და პირდაპირ მოქმედებაში, ასევე მანევრისა და ცეცხლის ინტეგრირებაში.
წვრთნების დროს გამოყენებული იყო საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა (ქსმ) 1 და 2, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA (152 მმ), სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი“, ასევე ამერიკული ტანკი M1A1 Abrams, ამერიკული მსუბუქად შეჯავშნილი ჯავშანტრასპორტიორი LAV, შეჯავშნილი HMMWV, 155 მმ საარტილერიო დანადგარი M777, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსი TOW, 50-კალიბრიანი ტყვიამფრქვევის ცეცხლის მართვის სისტემა CROW, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი AN-26, 2 საფრენი აპარატი Iroquois UHIH, 73 მმ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი სპგ-9, 81, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები.