აქტუალური
სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

    საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იყვნენ, ხოლო აშშ-ის მხარეს სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე კევინ ოკიფი და თავდაცვის მდივნის მოქმედი მოადგილე ლორა კუპერი წარმოადგენდნენ.
მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტიური თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო ტერორიზმის დასამარცხებლად აშშ-საქართველოს მიერ რეგიონში ჩატარებული კოორდინირებული ქმედებები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერა.  მხარეებმა საქართველოში გახშირებულ ხანძრებთან ბრძოლაში აშშ-ის სამომავლო მხარდაჭერის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.