პოლიტიკა
ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელთა სიგრძე ჯამში 15 კილომეტრამდეა

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის აქტიურ ტემპს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთის ინვესტიცია 500 მილიონ ლარამდეა და ის ძალიან დიდ დასაქმების კომპონენტს ითვალისწინებს.
„ეს უკვე გახლავთ ბოლო მონაკვეთი, რომლის შემდეგაც რიკოთი იწყება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო დაზუსტება. მისი ღირებულება მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალის უმნიშვნელოვანესი და ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის სიგრძე 55 კილომეტრამდეა და 90 ხიდსა და 40 გვირაბს მოიცავს. აქაც ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით ამ მონაკვეთის მშენებლობის დაწყებისთვის. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ტემპით მივდივართ, არ გვაქვს ჩამორჩენა სივრცითი განვითარების გეგმით გათვალისწინებულ დროით ინდიკატორებთან, რაც ძალიან მისასალმებელია. მინდა, მოსახლეობას რეგულარულად ვაცნობოთ სივრცითი განვითარების გეგმის აღსრულების შესახებ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.