საზოგადოება
კახა კალაძე: გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი კომპანია ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის!

    საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამისთვის საჭიროა ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია, იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი, სამწუხაროდ, გუშინ თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული - არცერთ სკვერში, არცერთ ბაღში, არცერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ეს ადგილები მწვანე სივრცეებს დაეთმობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქს, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს შვილებს სჭირდება. ყველა მძიმე დაავადება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არის გამონაბოლქვი, არ არის გამართული სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.