საზოგადოება
კახა კალაძე: შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს

   საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო. „ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობის, უსახსრობის გამო ადამიანები, სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია“, - განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.