საზოგადოება
ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს - ექსკლუზიური ინტერვიუ მარია ზახაროვასთან

    საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამ ინფორმაციას „კურიერთან“ ექსკლუზიურად ადასტურებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი. „23 აგვისტოს თბილისისგან მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. შეტყობინება გაფორმებული იყო ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან. რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი “ილ 76”, თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 24 აგვისტოს მივიღეთ. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ხანძრისა და მისი შედეგების ლიკვიდირება.
საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივიღეთ ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 23 აგვისტოს. რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის საუბარს, შემიძლია გითხრათ, რომ კონტაქტი ნარჩუნდება ამ დონეზე და დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ „კურიერთან“ საუბრისას.