უცხოეთი
პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას განიხილავს

    საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ აშშ-ში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა. 
"რაც შეეხება თავდაცვით ლეტალურ იარაღს, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. მე სამშობლოში დავბრუნდები და იმის მიხედვით, რაც გავიგე და ვნახე, კონკრეტულ ინფორმაციას, თეთრი სახლის ხელმძღვანელობას გადავცემ",- განაცხადა მეტისმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, "თავდაცვითი იარაღი არ არის გამომწვევი, თუ თქვენ აგრესორი არ ხართ".
23 აგვისტოს, აშშ-ის თავდაცვის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი ტურნეს მეორე გაჩერებაა. რამდენიმე დღით ადრე ის თურქეთს ეწვია და უკრაინის შემდეგ იორდანიაში გაემგზავრება.