პოლიტიკა
საქართველოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უპირატესობით სარგებლობს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება

    საქართველო. 17 აგვისტო, საქინფორმი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო მოხსენება  გამოაქვეყნა. დოკუმენტის პრეზენტაცია უწყების ხელმძღვანელმა რექს ტილერსონმა გამართა.
"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს და სახელმწიფოს ეკლესიისგან მიჯნავს, კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებენ მართლმადიდებელ ეკლესიას, აძლევენ ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიებისთვის.
გამოიძიეს რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 19 საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტიან გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს. შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა. ციხეში სამლოცველო მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს. რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში უპირატესობით მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს.
დაფიქსირდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები, იეჰოვას მოწმეებზე ფიზიკური თავდასხმის 11 ფაქტი. აშშ- ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის", - ნათქვამია ანგარიშში.