აქტუალური
საქინფორმი: საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად საქართველოს პარლამენტი უკან - 1992 წელში ბრუნდება, შევარდნაძე-იოსელიანი-კიტოვანის პირველ საპარლამენტო არჩევნებთან!

    საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. “ქართული ოცნების” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დაასრულეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ცვლილებებზე მსჯელობას უმრავლესობის წევრების ნაწილი - გია გაჩეჩილაძე, გიგა ბუკია, სიმონ ნოზაძე, ზაზა გაბუნია, კახა ოქრიაშვილი და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.
უმრავლესობის წევრებმა იმ საკითხზე იმსჯელეს, თუ რას შესთავაზებენ ოპოზიციის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან, კერძოდ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად უბარიერო არჩევნები დაუშვას. გავრცელებული ინფორმაციით, უბარიერო არჩევნებს მმართველ გუნდში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
საქინფორმი: მაშ ასე, სააკაშვილის პარტიებისგან შემდგარი საპარლამენტო ოპოზიციის საბოტაჟის შედეგად „ქართული ოცნება“ მორიგ დათმობაზე წავიდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის მთელი საკონსტიტუციო რეფორმა, ანუ კრეატიული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიამ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით 6 თვის განმავლობაში შეიმუშავა, პრაქტიკულად, ნულზეა დაყვანილი, რადგან ოპოზიციის ბობოქარი პროტესტის და ვენეციის კომისიაში საჩივრების შედეგად მათი გადადება და არა მომდევნო, არამედ იმის შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ამოქმედება უწევთ.
ხოლო არჩევნები გამსვლელი ბარიერის გარეშე - ეს უკვე უკან, საქართველოში სამხედრო გადატრიალების და აფხაზეთის ომის ბნელ დროში დაბრუნებაა! 1992 წლის 11 ოქტომბერს, როდესაც იმავე წლის იანვარში შევარდნაძე-იოსელიანი-კიტოვანის ხუნტამ პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაამხო, ხოლო აგვისტოში აფხაზეთში შეიჭრა, საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ვინაიდან გამსვლელი ბარიერი დაწესებული არ იყო, არჩევნებში მონაწილე 36 პოლიტიკური პარტიიდან, ბლოკიდან და 4 000-ზე მეტი კანდიდატიდან მაშინ პარლამენტში 26 პარტია და ბლოკი გავიდა.
თუ საქართველოს ახალი პარლამენტი ისეთივე „კოლორიტული“ იქნება, როგორც ის, პირველი მოწვევის, მაშინ უმრავლესობის გარეშე კანონების მიღება შეუძლებელი იქნება, ანდა ყოველ ჯერზე კულუარულ შეთანხმებაზე წასვლა და თემატური უმრავლესობის შექმნა გახდება საჭირო...