საზოგადოება
ოპოზიცია მზად არის, ვენეციის კომისიაში დაგეგმილ შეხვედრამდე უმრავლესობას კონსულტაციებზე დათანხმდეს, თუ ამას რეალური შედეგი მოჰყვება

    საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციას კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოსთხოვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია - რა შეიძლება დათმოს მმართველმა პარტიამ. ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები უცვლელია - მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.  
“აუცილებელია, ეს პროცესი იყოს ღია იმიტომ, რომ კულუარული ვერ იქნება, აქ ღირებულებით შეუთანხმებლობაა და  ჩვენ მხარს დავუჭერთ დემოკრატიულ ღია ჩართულობით გამორჩეულ პროცესს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ უკეთესი კონსტიტუციის დეტალებზე სასაუბროდ“, - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.
პარლამენტის ფრაქციის ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარის გიგი წერეთლის თქმით, “საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც უნდა გამოვაცხადოთ და ვთქვათ და შევთავაზოთ, მგონი, არასწორი მიდგომაა. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რა უნდა მას. მან იცის ეს ველი, რა არის სამოქმედო, იცის საკითხები და უნდა თქვას, რაში შეიძლება კომპრომისი და იმ მთავარ საკითხამდე მისვლა, რომ იყოს კონსენსუსი და იყოს შეთანხმება“.