პოლიტიკა
თბილისის აეროპორტში რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია, მაგრამ არის რიგების პრობლემა - გიორგი გახარია

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები რამდენიმე საათში აღმოიფხვრება", - ეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს მგზავრების როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.
მინისტრის თქმით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრას. „სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.