საზოგადოება
აპატრიდი სააკაშვილი აშშ-დან ვერ წამოვა და უკრაინაში ვერ დაბრუნდება, რადგან მისი პასპორტები ანულირებულია - „Комсомольская правда“

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლებამ აშშ და სხვა ქვეყნებიც გააფრთხილა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყველა პასპორტი ანულირებულია. მას აშშ-დან გამოფრენა არ შეუძლია, ვინაიდან აპატრიდად იქცა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით თვალთმაქცური კომბინაცია გაითამაშა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ამის თაობაზე სასწრაფოდ აცნობეს აშშ-სა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებას. სააკაშვილს ახლა არ შეუძლია, ფიზიკურად დატოვოს აშშ, მას არც უკრაინასა და არც სხვა ქვეყანაში შეუძლია შევიდეს. სააკაშვილი იზოლაციაშია“, - წერს Комсомольская правда“.
უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განკარგულება 26 ივლისს გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზების თაობაზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ არ გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდეს. საააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.