სამართალი
მათთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მუდმივად არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი! - მარგველაშვილმა ივანიშვილის პარტია კომუნისტურს შეადარა

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. განცხადება „პარტიაზე, რომელიც მუდმივად მოიპოვებს უმრავლესობას“ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას შეადარა.
„მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება და ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. აი, ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ გადავძლიეთ და მუდმივად პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი!

საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ძალიან ღიად საუბრობენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები, რომ იცით, რაშია საქმე, ბონუსი მთავრობას სჭირდება იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ, თუ პარლამენტში არის რამდენიმე პარტია და მათ უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი, ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, ეს ყოფილა ცუდი. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მაგამ ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.