უცხოეთი
მაიკ პენსი საქართველოზე: ჩემი გზავნილი იქნება ერთი - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ ვართ და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად

    საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, ამიტომ ჩემი გზავნილი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთი იქნება - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ვართ თქვენთან და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ტალინში განაცხადა. მან ექსკლუზიური ინტერვიუ Foxnews- მისცა. ჟურნალისტმა მაიკ პენსს ჰკითხა, ელოდება თუ არა ის, რომ ტრამპი მისი აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს ხელს მოაწერს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და თუ ასეა, მაშინ როგორ შეუწყობს ეს ნაბიჯი ხელს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილს, რომ დაიცვას ეს ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან.
„პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად თქვა, რომ რუსეთის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, რუსეთის ქმედებები უკრაინაში მიუღებელია. პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის ძალიან მალე მოაწერს ხელს სანქციებს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ველოდებით რუსეთის ქცევის შეცვლას. პრეზიდენტიც და მეც ვრჩებით იმედიანად განწყობილნი, რომ შეიცვლება რუსეთის ქცევა უკრაინასთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. და თუ ეს ასე მოხდება, ჩვენი ურთიერთობებიც უკეთესობისკენ შეიცვლება, გაუმჯობესდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ამ რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა მაიკ პენსმა.  
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 31 ივლისს ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდება და თბილისში გაემგზავრება.

წყარო - 1Tv.ge