პუბლიკაციები
მარკ მალენი: სააკაშვილს არასდროს უღიარებია, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი ცუდი რამ მოხდა - არასდროს მოუხდია ბოდიში!

     საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ერთ დროს "მიშას ძმაკაცი" ანალიტიკოსი მარკ მალენი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისმთავარი კოზირი რეფორმები იყო, რომელიც გარკვეულ მოწონებას იწვევდა ქართველ სახლში, მაგრამ შემდეგ სცადა საკუთარი მოძღვრება სხვა ქვეყანაში წაეღო. „უკრაინას და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინაში მზად არ აღმოჩნდნენ მისი აგრესიული მმართველობის სტილისათვის. თუმცა ვფიქრობ, რომ რამდენიმე კარგი იდეა ჰქონდა, განსაკუთრებით ოდესაში, სადაც მისი მცდელობები - აღეკვეთა კორუფცია, საბოტაჟის მსხვერპლი გახდა. მან ამავდროულად მოახერხა ყველას გადამტერება, ვისთანაც კი მუშაობა უწევდა",- განაცხადა მალენმა გადაცემა "პანორამაში".
ის ფიქრობს, რომ უკრაინაში სააკაშვილი მობეზრდათ და როდესაც პოროშენკო საქართველოში ჩამოვიდა, საქართველოს მთავრობამ მასთან ეს საკითხი განიხილა. პოროშენკომ თქვა, რომ არ აპირებს მიშას ექსტრადირებას, რადგან მას ციხეში მოუწევს ჩაჯდომა. ამის სანაცვლოდ მოქალაქეობა ჩამოართვეს და პრაქტიკულად ამერიკაში განდევნეს.
„დასავლეთში სააკაშვილი უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლეს. მათ იციან, მიშას კარგი და ცუდი მხარეები, ამიტომ არმგონია უკრაინა ამის გამო რაიმე პრობლემას წააწყდეს. ვფიქრობ, რომ ამერიკა მას დარჩენის ნებას მისცემს", - განაცხადა მარკ მალენმა. ის არც იმას გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ლიტვის შეთავაზებას დათანხმდეს, რადგან ლიტვა სწორედ ისეთ ადგილი, რომელსაც სააკაშვილი ევროპაში საკუთარი ბაზის შესაქმნელად გამოიყენებდა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რა როლი აქვს სააკაშვილს ევროპულ პოლიტიკაში.

„არც უკრაინის და არც საქართველოს მთავრობას იგი არ სჭირდება. ასე, რომ ვის და რაზე უნდა ელაპარაკოს სააკაშვილი? ის არც თუ ისე კარგი ანალიტიკოსია, ის უფრო მოქმედების კაცია. მაგრამ ფაქტია, რომ იქ, სადაც შეუძლია რამე გააკეთოს, მის ნახვა აღარ სურთ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ "ოცნების" მაღალ ეშელონებში სააკაშვილი სძულთ და სურთ ციხეში მიაბრძანონ, მეორე მხრივ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლის გამოც ხალხს ციხეში სვამენ. საკმაოდ კარგად ვიცნობ მას და არმგონია იმისთვის დაბრუნდეს საქართველოში, რომ ციხეში ჩაჯდეს. ასევე არმგონია მას რაიმე პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს საქართველოში", - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მომავალს, მარკ მალენი ფიქრობს, რომ მას ეს მომავალი არ აქვს.

„სააკაშვილს არასდროს უღიარებია, რომ ის, რაც მისი მმართველობის დროს ხდებოდა არასწორი იყო, მას არასდროს მოუხდია ბოდიში, არასდროს გაუსწორებია თვალი იმ ფაქტისთვის, რომ ბევრი ცუდი რამ მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს. სანამ ამას არ გააკეთებს, არამგონია ქართველი ხალხი დაინტერესდეს რას ფიქრობს და რას აკეთებს სააკაშვილი. მას საინტერესო იდეები ჰქონდა უკრაინაში, მაგრამ მარცხი განიცადა და უკრაინელ ხალხს მისი აღარ სჯერა. პოლიტიკოს აუდიტორია სჭირდება, სააკაშვილის შემთხვევაში ამას ვეღარ ვხედავ", - აღნიშნა მარკ მალენმა.