პოლიტიკა
"რუსმა დეპუტატებმა ვიზიტიც უნდა განახორციელონ თბილისში და ჩვენც სისტემატურად ვივლით" - ადა მარშანია

    საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. თბილისში რუს დეპუტატებს ელოდებიან, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა მოსკოვში ვიზიტის დროს დაპატიჟეს. პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია რუსი დეპუტატების ვიზიტს ადასტურებს და აანონსებს, რომ სექტემბერში ისინი ისევ ჩავლენ მოსკოვში. 

”რასაკვირველია, ვიზიტიც უნდა განახორციელონ აქ თბილისში და ჩვენ, ცხადია, იქ პერიოდულად და სისტემატურად ვივლით. შევეცდებით ჩვენი კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ ეს აუცილებელია და დიალოგში ყველა ფრაქცია უნდა იყოს წარმოდგენილი. თავის მხრივ, დუმის დეპუტატმა ბატონმა კალაშნიკოვმა ბრძანა, რომ მას აქვს მანდატი, სრულიად დუმის სახელით გვესაუბროს და ეს ძალიან კარგი ფაქტია. რამე ძვრა როგორ მოხდება, თუ დიალოგი არ შედგა?", - განაცხადა ადა მარშანიამ. 

„ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ეშინიათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ზუსტად იმის გამო, რომ მერე არ მიეკეროთ რუსული იარლიყი. რაც შეეხება შედეგებს, არ ვიცით, ველოდებით, რომ რაღაც პოზიტიური ძვრა იქნება. ოდნავ რამე თუ შეიცვალა ჩვენი ამ გადადგმული ნაბიჯით, ეს ხომ იმის მანიშნებელიც იქნება, რომ თუ ხელისუფლება გადადგამს რამე ნაბიჯებს, უფრო მეტი შეიცვლება უკეთესობისკენ“, - აღნიშნა  ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ.
თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში მყოფმა, მესამე წევრმა, პარლამენტარმა, ნატო ჩხეიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“, ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „მათ არ დაუპატიჟებიათ რუსი დეპუტატები საქართველოში, ხოლო შემდეგი შეხვედრა ასევე მოსკოვში ჩატარდება“