პუბლიკაციები
თემურ ბასილია: „გარწმუნებთ, „ქართული მარშის“ მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ამერიკის რესპუბლიკური პარტიის და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე“

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. „ქართული მარშის“ შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თემურ ბასილია.

როგორც ბასილია აცხადებს, „იმდენჯერ უძახეს „ქართული მარშის“ ორგანიზატორებს ფაშისტები, რასისტები, ქსენოფობები და ბნელები“, დაინტერესდა გაეგო რეალურად რა მოთხოვნები ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს და რამდენად შეესაბამებოდა მათადამი გამოთქმული ასეთი ბრალდებები სინამდვილეს.

„ვუყურე პირდაპირ რეპორტაჟს აღმაშენებლის გამზირიდან, ასევე მოვუსმინე გია კორკოტაშვილის წაკითხულ ტექსტს/მოთხოვნებს. ხაზს ვუსვამ, ჩემი დაინტერესება გამოიწვია არა ამ მარშის ორგანიზატორების მოწოდებამ მსვლელობის ჩატარების შესახებ - მსგავსი აქციები უმრავლეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად ტარდება, არამედ, მათ ფაშისტებად და ბნელებად მოხსენიებამ. ამიტომაც, რეპორტაჟის დაწყებას მართლაც შიშით ველოდი, რომ არ მოხდარიყო რაიმე სახის ძალადობა. ასევე, შიშით ველოდი, ფაშისტურ და რასისტულ განცხადებებს.

მადლობა ღმერთს, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდა. პირველ რიგში, ეს მსვლელობა მშვიდობიანად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩატარდა, რაც როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, ამ აქციის ორგანიზატორების და რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეთა დამსახურებაა“, წერს სოციალურ ქსელში თემურ ბასილია და მიიჩნევს, რომ აქციაზე გია კორკოტაშვილის მიერ წაკითხული მოთხოვნები თითქმის იდენტურია პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისა საემიგრაციო საკითხებზე.

„რაც შეეხება გია კორკოტაშვილის მიერ წაკითხულ მოთხოვნებს, გარწმუნებთ, ისინი დიდად არ განსხვავდება ამერიკის რესპუბლიკური (მმართველი) პარტიის და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე. თუ, გაეცნობით ამ პროგრამებს, რომელთა მოძიება ინტერნეტში ძალიან ადვილია, ნახავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობა, არალეგალი ემიგრანტების სავალდებულო დაპატიმრება და მათი დეპორტაცია, ამერიკაში დაბადებული არალეგალი ემიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის ავტომატურ მიცემაზე უარის თქმა, თავისუფალ სამუშაო ადგილებზე პირველ რიგში ამერიკის მოქალაქეების აყვანა და ა. შ. სხვათა შორის, ამ იდეების არქიტექტორი სტივ ბენონი ამჟამინდელი პრეზიდენტის ყველაზე გავლენიანი მრჩეველია. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ისეთ ლიბერალურ შტატშიც კი, როგორიც მერილენდია (სადაც ვცხოვრობ), არალეგალი ემიგრანტების გამოვლენის მიზნით ტარდებოდა რეიდები. ასევე, რამდენიმე კვირის წინ ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება 6 მუსულმანური ქვეყნიდან ემიგრაციის აკრძალვის/შეზღუდვის შესახებ. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტია დიდი ხანია ითხოვს ემიგრაციაზე კონტროლს. არ ვაფასებ, ეს კარგია თუ ცუდი, უბრალოდ, ფაქტს ავღვნიშნავ. აქედან გამომდინარე, გია კორკოტაშვილისთვის და გუშინდელი აქციის ორგანიზატორებისთვის - რომლებსაც, სხვათა შორის, არ ვიცნობ - ფაშისტების, რასისტების და ბნელების ძახილი, არასწორია და შორს არის რეალობისგან.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს - რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. როგორც ჩანს, უკონტროლო ემიგრაციასთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებობს სერიოზული შეშფოთება და ადამიანთა დიდ ნაწილს აწუხებს ეს პრობლემა. ეს წუხილი რომ არ არსებობდეს, გუშინდელი მარშის ორგანიზატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ რამდენიმე ათეული ადამიანის მობილიზებაც კი. ეს პრობლემა არ მოგვარდება ამ აქციის ორგანიზატორების მიმართ ფაშისტების, ქსენოფობების და ბნელების ძახილით; პირიქით, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას. ამიტომაც, სასურველია სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ინტერესთა ჯგუფებს შორის დაიწყოს დიალოგი, როგორი საიმიგრაციო პოლიტიკა სჭირდება საქართველოს. და, რაც მთავარია, ამ დიალოგის წარმმართველი და აქტიური მონაწილე უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“, აცხადებს თემურ ბასილია.

 

რესურსი - http://guardian.ge/26694-themur-basilia-gartsmunebth-qarthuli-marshis-mothkhovnebi-didad-ar-ganskhvavdeba-amerikis-respublikuri-partiis-da-prezident-trampis-saarchevno-programebisgan-saemigracio-sakithkhebze.html