პოლიტიკა
თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას - პრეზიდენტი დიპლომატებს

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017" ოფიციალურად გაიხსნა. "ამბასადორიალის" მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს. 

"გამოწვევა, რომელიც ჰქონდა ქართულ დიპლომატიას 2008 წლიდან, როდესაც ოკუპაციის პარალელურად ჩვენ გვქონდა გამოწვევა საერთაშორისო არენაზე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, ამ დაპირისპირებამ გადაიარა ქართული დიპლომატიის მხრებზე და თქვენ ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ. ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებულად - უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უმთავრესი გამოწვევაა საქართველოსთვის და, ასევე, რეგიონისთვის", - მიმართა მიხეილ ჯანელიძემ "ამბასადორიალის" მონაწილეებს.