პუბლიკაციები
აშშ დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, „სიმენსი“ რუსულ აქტივებს ყიდის, ელექტრომობილების ბაზარი კი პერსპექტიული ხდება - კვირის მიმოხილვა

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ამერიკული ბიზნესი შიშობს, რომ შეერთებული შტატები ქვეყნის ისტორიაში პირველი დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, რადგან სახელმწიფო ვალის კრიტიკული ზრდის გამო, რომლის მოცულობაც 14 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მისი წინამორბედის ბარაქ ობამას მიერ 2011 წელს შემუშავებული საიდუმულო გეგმის ამოქმედებას არ გამორიცხავს.
ეს  გეგმა სახელმწიფო შიდა ვალის, იგივე სახაზინო ობლიგაციების გადახდას პრიორიტეტულად მიიჩნევს, რაც ყველა დანარჩენი ვალდებულების სრულად დაფარვის რისკს აჩენს.

სწორედ ამის გამო სარეიტინგო სააგენტო „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ ამერიკის ვალის გადახდის გლობალური რეიტინგი 2011 წელს პირველად შეამცირა. თუ ეს საკითხი ისევ გაცოცხლდა, რეიტინგის კიდევ ერთხელ შემცირების საჭიროებაც დადგება, რაც ბიზნესის აზრით, შტატების იმიჯზე და შესაბამისად, ამერიკული ბიზნესის იმიჯზეც ძალიან ცუდად აისახება.
ეს გეგმა ობამას ადმინისტრაციამ 2011 წელს  შეიმუშავა, როდესაც სახელმწიფო ვალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა მაშინ კონგრესი დაეთანხმა ჭერის გაზრდას და გეგმის ამოქმედება საჭირო აღარ გახდა. კონგრესის საბიუჯეტო ოფისი თვლის, რომ შტატების ვალი კრიტიკულ ზღვარს ოქტომბერში ისევ მიაღწევს და ტრამპმა კონგრესს უკვე მიმართა ჭერის გაზრდის მოთხოვნით. 

კონგრესმა გაადწყვეტილება აგვისტოში, მუშაობის შეწყვეტამდე უნდა მიიღოს, თუმცა თუ კონგრესი მოთხოვნას არ დააკამყოფილებს, ფინანსთა მინისტრი მნუჩინი სათადარიგო გეგმის ამუშავებას აპირებს, რომელიც სექტემბრისთვის ამერიკას ვალის გადახდის უნარიანს გახდის.

მნუჩინმა გეგმის დეტალები არ დააკონკრეტა და საფონდო ბირჟის მოვაჭრეები შიშობენ, რომ ის სწორედ ობამას გეგმაზე აკეთებს მინიშნებას.

სიმენსირუსეთს ტოვებს

საინჟინრო და ტექნოლოგიური გერმანული გიგანტი „სიმენსი“ რუსული აქტივების გაყიდვას გეგმავს, რადგან რუსეთში მოქმედ კომპანიაში, სადაც „სიმენსი“ 65 პროცენტს ფლობს, მისი წარმოებული გაზის ტურბონები პარტნიორმა რუსულმა კომპანიამ ყირიმში „სიმენსის“ ნებართვის გარეშე შეიტანა. 

ელექტრომობილების ბაზრის პერსპექტივა

ნავთობის მწარამოებელი კომპანიები ელექტრომობილებს სერიოზულ გამოწვევად მიიჩნეევენ და გლობალურ ავტოპარკში მათი წილის მკვეთრად ზრდას, ნავთობის სექტორში კი ინვესტიციების შემცირებას ელოდებიან.

ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი ოპეკი 2040 წლისთვის ელექტრომობილების რიცხვის 266 მილიონზე ასვლას ელოდება, რაც ხუთჯერ აღემატება ოპეკის 2015 წელს გაკეთებულ იგივე პროგნოზს. თუმცა ეს ციფრი ორჯერ ჩამორჩება სააგენტო „ბლუმბერგის“ ახალი ენერგიის კვლევითი ცენტრის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, 2040 წლისთვის მსოფლიო ავტოპარკში ელექტრომობილების წილი 530 მილიონამდე გაიზრდება, რაც მსოფლიო ავტოპარკის მესამედს უდრის და  გაყიდვებით გადაასწრებს ბენზინისა და დიზელზე მომუშავე ტრადიციულ ავტომობილებს.

ენერგოკომპანიები შიშობენ, რომ  ეს ტენდენცია 8 მილიონი ბარელით შემცირებს ნავთობზე მოთხოვნას, რაც დღეს ირანისა და ერაყის მოპოვების საერთო მოცულობის ტოლფასია. შესაბამისად, ამ სექტორში ყოველწლიურად 700 მილიარდი დოლარის ინვესტიციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ელექტრომობილების რიცხვის ზრდის პროგნოზები მინიმუმ გააორმაგეს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ, ენერგოგიგანტებმა „ექსონ მობილმა“, „ბიპიმ“ და „სტატოილმა“.

ჩინეთის სადავო გადაწყვეტილება

ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ჩინეთი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წილის გაზრდას აპირებს და გეგმავს, რომ 2025 წლისთვის ამ სეგმენტმა ქვეყნის ავტოპარკში მეხუთედი დაიკავოს. ამ მიზნით, ჩინეთის მთავრობა 2018 წლიდან იმპორტიორ ავტომწარმოებლებს კვოტებს უწესებს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მკაცრი სანქციები ამოქმედდება, ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

აღნიშნული ადგილობრივი ჩინური ინდუსტრიის განვითარებასაც ისახავს მიზნად. ჩინეთი მსოფლიოში ელექტრომობილების 43 პროცენტს აწარმოებს და აღნიშნული ზომები დარგს მსხვილი იმპორტიორი კონკურენტებისგან დაიცავს.

მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები, რომელთა გაყიდვებშიც ჩინეთი უმსხვილესი ბაზარია,  ჩინეთის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და დისკირიმინაციულად მიიჩნევენ. ბრექსიტის ფასი გასულ კვირას ბრიტანეთმა ოფიციალურად, პირველად აღიარა,  რომ ევროკავშირის დატოვების ფინანსური საფასური უნდა გადაიხადოს და ამ თემაზე საჭიროა მოლაპარაკებები გაიმართოს. აღნიშნული განცხადებით ე.წ. ბრექსიტის საკითხების მინისტრმა პარლამენტს მიმართა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ბრიტანეთს 40-60 მილიარდი ევროს ფარგლებში სთხოვს საფასურის გადახდას, თუმცა მედიაში გავრცელებული მოსაზრებით, თანხამ 100 მილიარდსაც შეიძლება მიაღწიოს და ბრიტანეთი მის დაფარვაზე უარს აცხადებდა.
აშშ-სამხრეთ კორეის ვაჭრობა

ტრამპი სამხრეთ კორეასთან 2012 წელს დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს, რადგან ამ ქვეყანასთან ორმხრივ ვაჭრობაში შტატების დეფიციტმა გასულ წელს 17 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ეს  კიდევ ერთი სვლაა ტრამპის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გადახედვის პოლიტიკაში. აშშ უკვე გამოვიდა  წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან და სურს ჩრდილოეთ ამერიკული ხელშეკრულების გადახედვა, ასევე ფოლადის იმპორტზე ტარიფების დაწესება. 

ნავთობი

აგვისტოდან საუდის არაბეთი დღიურ ექსპორტს 600 ათას ბარელზე მეტით შეამცირებს, რასაც ზაფხულში სეზონურად შიდა მოხმარების გაზრდით და ოპეკის  კვოტით ხსნის, რადგან კვოტის გამო  მოთხოვნის ზრდის პარალელურად, დღიური წარმოების ზრდა არ შეუძლია.

აგვისტოდან ზოგადად ნავთობის მწარმოებელი ყველა ქვეყანა 200 ათასი ბარელით შეამცირებს დღიურ წარმოებას და აგვისტოში ნავთობის დღიური ექსპორტი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე 6.6 მილიონ ბარელზე დავა. 

გასულ კვირას ნავთობის ფასმა მთლიანობაში საშუალოდ 4-პროცენტიანი ზრდა განიცადა და  ბრენტის ტიპის ნავთობზე ბარელზე 48 დოლარი და 43 ცენტი, ამერიკულ ნედლ ნავთობზე კი 46 დოლარი და 2 ცენტი დაფიქსირდა.

ვალუტის კურსი

ამერიკული დოლარი გასული კვირის ხუთშაბათს, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მეტად გაუფასურდა მსოფლიოს ძირითადი 10 ვალუტის მიმართ. მიზეზად  ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯანეტ იელენის გამოსვლა სახელდება, სადაც იელენმა ინფლაციის მოთოკვის კუთხით რბილი პოზიცია გამოხატა. 

ფინანსურმა ბაზრებმა რბილი განცხადების ქვეტექსტში მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრების სურვილი დაინახეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დოლარი მკვეთრად არ გამყარდება. 

შედეგად  ერთმა ევრომ გასული კვირის ბოლოს დოლარი და 14 ცენტი შეადგინა.

წყარო - http://1tv.ge/ge/news/view/170042.html