საზოგადოება
„აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი – ხვალ რა იქნება, ვინ იცის“ – მამუკა არეშიძე

     საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. „ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის“ –  აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

„გეგონება, სხვა ქვეყანაში ხარ. არ მინდა, საქართველოში ბევრი ადგილი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში… მე ჩამოსულების მოწინააღმდეგე კი არა ვარ – თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, აზიისა და ევროპის გზაგასაყარი, მაგრამ თბილისში არ მინდა მოლენბეკი. მოგეხსენებათ, ეს არის ბრიუსელის გარეუბანი, რომელიც ტერორიზმის ბუდედ იქცა, სადაც, პარიზის ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავები არმიასთან ერთად ძლივს შევიდნენ სპეცოპერაციის ჩასატარებლად. მართალია, ასეთი პრობლემა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, დროთა განმავლობაში რა იქნება… ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის და ხვალ რა იქნება, ვინ იცის…”, – მიიჩნევს მამუკა არეშიძე.