საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის პოზიცია და მომდინარე საფრთხეები ცნობილია და ეს არ არის ახალი - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს. ლავროვმა „რუსთავი 2“-ის კითხვაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხებოდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს.
მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, რუსეთი საქართველოს სტაბილურობას ემუქრება, თუმცა აქვე არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დამატებით დიალოგის ფორმატზეც იფიქროს.
„ის საფრთხეები, რასაც რუსეთის დამოკიდებულება შეიცავს ჩვენს მიმართ, ახალი არ არის. საქართველოს სახელმწიფო, მისი მთავრობა, ძალიან აწონილ-დაწონილ, პრაგმატულ სტრატეგიას ატარებს. აქედან არის ყველაფერი, რასაც დღემდე მივაღწიეთ. ეს არის სტაბილურობა, რასაც ემუქრება რუსეთი. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე. თუკი მესამე ხაზის გახსნა იქნება საჭირო და თუნდაც დეპუტატების ურთიერთობა, ამაზეც საფიქრებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.