საზოგადოება
პროკურორი: დეკანოზი შპს-ებში მამაოდ იყო გაფორმებული და ხელფასს და პრემიებს იღებდა

      საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. „ბრალდებული დეკანოზი სხვადასხვა შპს-ებში იყო მამაოდ გაფორმებული და სხვადასხვა ოდენობის ხელფასს, ხოლო საახალწლოდ კი პრემიებსაც იღებდა“, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

 პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი პროცესზე დაკითხულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა დაადასტურა. ბრალდების თქმით, ნაცვლად სასულიერო მოღვაწეობისა, დეკანოზი დაკავებული იყო გამდიდრებით.

 პროკურორის განცხადებას დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოეხმაურა. შპს-ის დამფუძნებლები, დირექტორები გამიგია, მაგრამ შპს-ს მამაო - არა“, - ამბობს ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, კომპანიის დირექტორი, რომელიც დეკანოზს ყოველთვიურად თანხას ურიცხავდა, ქველმოქმედებას ეწეოდა.

 პროკურორის განცხადებით,  პროცესზე დაიკითხა ასევე მოწმე სოსო ნადარეიშვილი, რომლისგანაც, საქმის მასალების მიხედვით, ციანიდამდე დეკანოზი გველის შხამს ითხოვდა. პროკურორი ამბობს, რომ როდესაც ნადარეიშვილმა შხამის ჩამოტანის რთული საბაჟო პროცედურები განუმარტა, დეკანოზი გველის შხამით აღარ დაინტერესებულა.

   დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, სადაც       ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი    იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.