სამართალი
"კოლაბორაციონიზმი! "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკა იდენტურია!" - საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. "პატრიოტთა ალიანსის"  წევრების მოსკოვში შეხვედრებს საპარლამენტო ოპოზიცია "ქართულ ოცნებასა" და "პატრიოტთა ალიანსს"  შორის ღია თანამშრომლობად აფასებს.

"„პატრიოტთა ალიანსს" ხშირად "ქართული ოცნება" ათქმევინებს ხოლმე იმას, რისი თქმისაც თვითონ, შეიძლება, ერიდება, ან აინტერესებს ხალხის რეაქცია. ამასთან, ეს არ არის პირველი ვიზიტი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დეპუტატებისა მოსკოვში. გარკვეული პერიოდის წინ იქ იმყოფებოდა ზაქარია ქუცნაშვილი“, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგიკანდელაკი.

"პატრიოტთა ალიანსს" კოლაბორაციონისტულ ქმედებებში სდებს ბრალს "ნაციონალური მოძრაობა":

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ ერთად გაერთიანებული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ, კვლავ კოლაბორაციონისტული და "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე" პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის და ძალების ერთი ნაწილი, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არასწორია, არასახარბიელოა და საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი ბარამიძე.