საზოგადოება
სოზარ სუბარის განცხადებით - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აბხაზეთისა და კოდორის ხეობის რეგიონები ატომური იარაღის გარეშე

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში და ოკუპაციას წერტილი 2008 წელს დაესვა. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა. რუსეთი არის ოკუპანტი, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ოკუპაციის დასამთავრებლად არსებობს ორი გზა.

პირველი - საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც გახდება დასავლური სამყაროს ღირსეული წევრი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა.

მეორე გზა - ეს არის, გვქონდეს უფრო მეტი ატომური ბომბი, გვყავდეს უფრო მეტი ტანკი და თვითმფრინავი, ვიდრე რუსეთს აქვს და ძალით დავიბრუნოთ. ეს ვერ მოხდება, ვიცით. ამიტომ როდესაც საუბარია საზღვრის გადმოწევაზე, ვთქვათ, 200-700 მეტრით თუ ათი ჰექტარით თუ 15 ჰექტარით, ეს გადმოწეულია რამდენიმე ათეული კილომეტრით 2008 წლის შემდეგ. ოკუპაცია უნდა დავასრულოთ. ვლაპარაკობთ არა მეტრებზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, აფხაზეთსა და კოდორის ხეობაზე, რომელთა საზღვრები 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ჩააბარა, რომელიც მანამდე იქაურმა მაცხოვრებლებმა შეინარჩუნეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, უნდა დაუწესდეს თუ არა რუსეთს სანქციები და უნდა მოხდეს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, სოზარ სუბარი პასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია, თუმცა ევროპის არცერთი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.